საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვრცელ წერილს ავრცელებს და მის კლინიკაში გადაყვანის საკითხში ჩართულ ყველა პირს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
როგორც სააკაშვილი წერს, შიმშილობის შეწყვეტით და მისი კლინიკაში გადაყვანით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
ფორმულა სააკაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო და თანამებრძოლებო, მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და დაკავდით ჩემი საკითხით. მადლობა ამისთვის. ამავე დროს, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიგადგათ მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებით. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს. დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძეს და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის. ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში ყველაზე განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის. უზარმაზარი მადლობა მთელ საექიმო თანამეგობრობას, ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი კვალიფიკაცია გამოიჩინეს. მადლობა ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და მედიას ჩემი სიცოცხლისთვის უფლებისთვის ბრძოლისთვის და ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის. განსაკუთრებული მადლობა ნინო ლომჯარიას და მის გუნდს, ასევე უკრაინელ ომბუდსმენს, განსაკუთრებით კი უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს. მადლობა ყველა კონსილიუმის ყველა წევრს, მადლობა ყველას, ყველას, ყველას, თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს. პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას - დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.
მე, დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებული გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას. მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ, ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ - დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით. როცა გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები გარეთ, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ჩავერთები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტიობის და უიმედობის დასრულებაში.
ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა, არ შევუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას, არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ, მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ. ვითხოვთ, ვცოვრობდეთ თავისუფალ, არა ძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს, გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად, ასევე მთელ ქვეყანას. როგორც არასდროს ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს, მჯერა, რომ სწორედ ახლა გამარჯვების დროა. არც ერთი გარიყული ადამიანი, არც ერთი დაკარგული წამი, არც ერთი ნაბიჯი უკან", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა და შიმშილობას შეწყვეტს.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.